ლექსები -
1923-1960 -
საქართველოს მეგობარს -
ოვანეს თუმანიანის გარდაცვალებაზე ხანჯლის მწვერვალზე აცმული გული
შენს ძვირფას სახეს სევდით იგონებს.
ბედი, ლექსების მზით წახნაგული,
ითვლის გარდაცვლილ ქორონიკონებს.
ჭაღარა - შაქრის ფერფლით ნაფერი,
ტანი აყრილი, ვით ნაზი პალმა.
სიკვდილს დაესწარ, როგორც შაფერი,
როცა სიცოცხლე ვერ მოგესალმა.
თვალებში ცრემლი ღამეს გაათევს,
ვის ვანდო გრძნობა, ვის დავუგეშო!
სიყვარულს ცოდვილს და ნაჯალათევს
ვინ ანუგეშებს, ჩემო ნუგეშო!
წახვალ! გაგყვება ჩვენი წარსული, -
ჩვენი წარსული როდი გაქრება, -
და ზეცა ღრუბელშემოგარსული
შენის ღიმილით დაიშაქრება.
გადაიხსნება იმ ქვეყნის კალთა,
მზე დაიხრება, როგორც თაველი,
და ხელში ლანგრით დაგხვდება კართან:
ჰომერი, ფირდუს და რუსთაველი.
1923 წ. 23 მარტი